ტალახი მკვდარი არაა: როგორ ცვლის ცოცხალ ნიადაგს მიწის დამუშავება


ნახატი 1: ნიადაგის კვებითი ქსელი ნიადაგის ბინადარი მრავალი სხვადასხვა ორგანიზმისგან შედგება: (1) ბაქტერიები, (2) სოკოები, (3) არბუსკულურ მიკორიზული სოკოები, (4) პროტოზოები, (5) ბაქტერიებით მკვებავი ნემატოდები, (6) სოკოებით მკვებავი ნემატოდები, (7) ფესვებით მკვებავი ნემატოდები, (8) კუდფეხიანები, (9) მტაცებელი ნემატოდები და (10) მტაცებელი ტკიპები ისრები მიმართულია იმ ორგანიზმებიდან, რომლებსაც ჭამენ იმ ორგანიზმებისკენ, რომლებიც მათ ჭამს. ურთიერთობები ჩამოყალიბებულია სამი ენერგეტიკული არხის სახით: ბაქტერიებზე დაფუძნებული არხები (ნარინჯისფერი ისრები), სოკოზე დაფუძნებული არხები (ყვითელი ისრები) და ფესვებზე დაფუძნებული არხები (მწვანე ისრები). გამადიდებელი შუშა აჩვენებს, რომ საკვები ნივთიერებები და ენერგია ყველა იმ ორგანიზმში მოძრაობს, რომელიც იკვებება და სუნთქავს.

ნახატი 2: ბუნებრივი გარემოს მოხმარების სამი გზა მიწის ექსტენსიური მოხმარება არ მოიაზრებს მძიმე მოხვნას და მოსავლის სრულ აღებას ან დიდი რაოდენობით სასუქის და პესტიციდების დამატებას. ამით ის მრავალფეროვან ეკოსისტემურ მომსახურებას ეწევა. საშუალოდ ინტენსიური მოხმარება გარკვეულ მოხვნას და მოსავლის გატანას გულისხმობს. ძლიერ ინტენსიური მოხმარება კი დიდ შრომას მოითხოვს, ღრმა მოხვნას, მოსავლის სრულ გატანას და დიდი რაოდენობით ქიმიკატებს. შესაბამისად, მოხმარების ეს ტიპი დიდი მოსავალს იძლევა მცირე ტერიტორიაზე. ასეთ ადგილებში ეკოსისტემის ზოგი მომსახურება შემცირებულია და უპირატესობა მაღალ მოსავლიან წარმოებას ენიჭება

ნახატი 3: აზოტი გარდაიქმნება ნიადაგის კვებითი ქსელების მიერ ისე, რომ შეუძლია იმოძრაოს მცენარეებში, წყალსა თუ ჰაერში ნიადაგის ორგანული მასა (მკვდარი მცენარეები და ცხოველები) ნიადაგის ორგანიზმების კვებითი აქტივობების დროს არაორგანულ აზოტად მინერალიზდება. ნიადაგის არაორგანული აზოტი აითვისება მცენარეებისა და სოკოების მიერ, ან იკარგება გრუნტის წყლებში გადინების, ან ბაქტერიების მიერ N2O გაზად გარდაქმნის დროს (ამ პროცესს დენიტრიფიკაცია ეწოდება)
Open PDF in new window.
ფრანჩესკა ტ.დე ვრისი1,2* და იეს ჰაინსი3
1 გერმანიის ინტეგრაციული ბიომრავალფეროვნების კვლევის ცენტრი იენა-ჰალე-ლაიპციგი, გერმანია
2 ბიოლოგიის ინსტიტუტი, ლაიპციგის უნივერსიტეტი, ლაიპციგი, გერმანია
3 ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების დინამიკის ინსტიტუტი, ამსტერდამის უნივერსიტეტი, ამსტერდამი, ნიდერლანდები
ადამიანები მიწას საკვები კულტურების მოსაყვანად იყენებენ. ჩვენი სამეურნეო საქმიანობა კი ნიადაგის ბინადარ ორგანიზმებზე მოქმედებს. ნიადაგის ორგანიზმები ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ: ისინი მონაწილეობენ ორგანული ნივთიერებების გახრწნაში და საკვები ნივთიერებების გამოთავისუფლებაში, რომელსაც შემდგომში მცენარეები მოიხმარენ. პესტიციდებისა და სასუქის დამატებით ჩვენ მცირე ტერიტორიაზე დიდი მოსავლის მიღება შეგვიძლია, თუმცა ეს მეთოდი ზიანს აყენებენ ნიადაგის ორგანიზმებს და მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს. მოსავლის მოყვანა უფრო მსუბუქი საშუალებების გამოყენებითაც შეიძლება. ეს მეთოდები კარგია ნიადაგის ორგანიზმებისათვის, თუმცა ვრცელ ტერიტორიებს საჭიროებენ. ყველა ქვეყნის მაცხოვრებელს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საკვები ჭირდება. ვინაიდან ყველანი ერთი მიწის შვილები ვართ, სანამ ნიადაგის მოხმარებას გადავწყვეტთ, უნდა გვახსოვდეს, თუ რა გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობა ნიადაგის ორგანიზმებზე.
7.8 მილიარდი ადამიანი და საკვები, რომელიც ნიადაგზე იზრდება
დედამიწაზე 7.8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და ყველას ჯანსაღი საკვების მიღება უნდა. ბოსტნეული და სხვა კულტურული მცენარეები ჯანსაღი კვების ნაწილია, თუმცა ამდენი ადამიანის სამყოფი საკვების მოყვანა ხშირად გარემოს ხარჯზე გვიწევს. ჯანსაღი გარემოს შესანარჩუნებლად ჯერ საკმარისი რაოდენობით სამეურნეო მიწები და შემდეგ სწორი აგრარული ქმედებებია საჭირო. ნიადაგში მცხოვრები ორგანიზმები თვითონ გვეუბნებიან რომელი ქმედებაა სწორი და რომელი არასწორი.
ნიადაგში მილიარდობით ორგანიზმი ცხოვრობს. ესენი არიან ბაქტერიები, სოკოები, ნემატოდები და იზოპოდები (ნახატი 1). ყველა ჩვენსავით ჭამს, იზრდება, ჩაისუნთქავს ჟანგბადს და ამოისუნთქავს ნახშირორჟანგს. ეს ორგანიზმები კვების დროს ისეთ ნივთიერებებს გამოიმუშავებენ, რომლებიც მცენარეების ზრდას უწყობს ხელს (ნახატი 1, წრეში). ისინი ურევენ ნიადაგის ორგანულ ნივთიერებებს (მაგ. მცენარეულს და ცხოველურს), აუმჯობესებენ ნიადაგის სტრუქტურას, ხოლო გაუმჯობესებულ ნიადაგში წყალი მცენარეებისთვის უფრო ადვილი მისაწვდომია. ნიადაგის ორგანიზმები მცენარეებს აწვდიან რესურსებს, რომლებიც მათ ზრდაში ეხმარება, ხოლო ამ მცენარეებს ადამიანები მიირთმევენ. ნიადაგი ასევე მნიშვნელოვან ეკოლოგიურ მომსახურებას გვიწევს, როგორიცაა წყლის ფილტრაცია და ნივთიერებების დაშლა, რაც ადამიანებს ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და აქტიურობაში ეხმარება ნიადაგის ორგანიზმები თქვენს ფეხქვეშ კვებით ქსელს ქმნიან
ნიადაგის ორგანიზმები მარტო არ მუშაობენ; ისინი ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი რთული კავშირებით, რომელსაც ნიადაგის კვებითი ქსელი ეწოდება. ერთი სახეობის ინდივიდების რაოდენობის ცვლილებამ შეიძლება მათი მტაცებლის, ან მსხვერპლის რაოდენობაზე იმოქმედოს, ურთიერთქმედებების ამ ჯაჭვს კი ენერგეტიკული არხი ეწოდება (ნახატი 1). ნიადაგის კვებით ქსელებს სამი ძირითადი ენერგეტიკული არხი აქვთ: ერთ შემთხვევაში საწვავი ბაქტერიებია, მეორეში - სოკოები, მესამეში კი მცენარეთა ფესვები. ბაქტერიები და სოკოები ორგანული ნივთიერებებით იკვებებიან, ისეთებით, როგორებიცაა მაგალითად, ჩამოცვენილი ფოთლები და მკვდარი ფესვები, შემდეგ კი მათ სხვა ორგანიზმები ჭამენ. არსებობენ ისეთი ორგანიზმებიც, რომლებიც პირდაპირ ცოცხალ ფესვებზე იკვებებიან, მაგალითად, ფესვებით მკვებავი ნემატოდები (პაწაწინა ჭიები), რომლებიც თავის მხრივ, სხვა ცხოველების საკვებია. როდესაც ადამიანები მიწას მოიხმარენ და ამ ენერგეტიკულ არხებს არღვევენ (მაგალითად, მიწის მოხვნის ან სასუქის დამატების დროს), ისინი ხელს უშლიან ნიადაგის კვებით ქსელებს, რომ განახორციელოს თავისი ეკოსისტემური მომსახურება. რამდენი სახეობა ზიანდება ადამიანის ზემოქმედებით და რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი გავლენა ნიადაგის ორგანიზმების მიერ რეგულარულად შესრულებულ პროცესებზე?
ნიადაგის კვებით ქსელებზე მიწის მოხმარების გავლენის შესასწავლად ჩატარებული ექსპერიმენტი
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მიწის სხვადასხვაგვარი მოხმარება ნიადაგის კვებითი ქსელების სტრუქტურაზე აისახება (ნახატი 2) [1]. ისინი ფიქრობენ, რომ მიწის ისეთი ინტენსიური დამუშავება, როგორიცაა ვთქვათ, მოხვნა, შეამცირებს ნიადაგის ორგანიზმების რაოდენობას და უარყოფით გავლენას მოახდენს ნიადაგების მიერ გახორციელებულ ეკოსისტემურ მომსახურებაზე [1]. მეცნიერები ასევე ფიქრობდნენ, რომ ნიადაგის ორგანიზმები უფრო მრავლად იქნებიან იქ, სადაც ფერმერები ექსტენსიურ (ნაკლებად დამაზიანებელ) საქმიანობას ეწევიან (მაგ. სათიბები და საძოვრები). ექსტენსიური მოხმარების ადგილებში ნაკლებია მოხვნა და ნაკლებად ხდება სასუქის შეტანა, თუმცა მეტი მიწაა საჭირო საკვების იგივე რაოდენობის მოსაყვანად. მათ ივარაუდეს, რომ ნიადაგის ორგანიზმები თავს საუკეთესოდ იგრძნობენ ბუნებრივ მინდვრებში, სადაც ფერმერებს მცენარეული კულტურები არ მოყავთ [1].
იმისთვის რომ ექსპერიმენტი სხვადასხვანაირ გარემოში (განსხვავებული ტემპერატურა, ნალექიანობა, ნიადაგის ტიპი და სხვა) ჩაეტარებინათ, მეცნიერების ჯგუფი ევროპის ოთხ ქვეყანაში წავიდა: შვედეთში, ჩეხეთში, გაერთიანებულ სამეფოში და საბერძნეთში. ოთხივე ქვეყანაში მათ აირჩიეს მიწის სამნაირი მოხმარების
ტერიტორიები: ძლიერ დამუშავებული (ძლიერ ინეტენსიური) ნიადაგები, საშუალო სიძლიერით (საშუალო ინტენსივობით) დამუშავებული ნიადაგები და ბუნებრივი ველები [1] (ნახატი 2). ყველა ადგილას მათ შეისწავლეს ნიადაგის ორგანიზმების მრავალფეროვნება: სოკოები, ბაქტერიები, პროტოზოები, ნემატოდები, ჭიაყელები, ენქიტრეიდები, ტკიპები და კუდფეხიანები. იმის გასაგებად, თუ როგორ განსხვავდებოდა ეკოსისტემების მომსახურება ამ სხვადასხვა ტიპის ადგილებზე, მათ ნიადაგის ორგანიზმების მიერ გახორციელებული ზოგი მნიშვნელოვანი პროცესიც შეისწავლეს.
ინტენსიური სამეურნეო საქმიანობა ამცირებს ნიადაგის ბიომრავალფეროვნებას
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნიადაგის მოხმარების ტიპი მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ნიადაგის ორგანიზმების მრავალფეროვნებაზეც და მათ რაოდენობაზეც. მათ ნახეს, რომ მიწის ძლიერ ინტენსიური მოხმარება ამცირებდა ნიადაგის კვებითი ქსელის ბიომრავალფეროვნებას: ნაკლები იყო ორგანიზმების ჯგუფები, ჯგუფების შიგნით კი ნაკლები იყო სახეობებიც [2]. ასევე აღმოჩნდა, რომ ნიადაგის ორგანიზმების უმეტესი ჯგუფების საერთო წონა ნაკლები იყო იქ, სადაც მიწა ძლიერ ან საშუალოდ იყო დამუშავებული. იმ ორგანიზმების რაოდენობა შემცირდა, რომლებიც მცენარეების ფესვებით იკვებებოდნენ, ხოლო ის ორგანიზმები, რომლებიც ბაქტერიებით და სოკოებით იკვებებოდნენ, ნაკლებად დაზიანდნენ. ეს ალბათ იმიტომ მოხდა, რომ საშუალო, ან ძლიერი მოხვნა აზიანებს მცენარეების ფესვებს და შესაბამისად, ორგანიზმებს, რომლებიც ამ ფესვებზე იკვებებიან. მაგრამ რას ჰქონდა უფრო ძლიერი გავლენა, უშუალოდ მოხვნას თუ მოხვნის გამო ნიადაგის კვებითი ქსელის შეცვლას?
ნიადაგის ორგანიზმების მიერ შესრულებული სამუშაო
ზემოთ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, მეცნიერებმა გადახედეს ურთიერთობებს ნიადაგის ორგანიზმებს შორის და ასევე ამ ორგანიზმების მიერ შესრულებულ სამუშაოს. კერძოდ, ორ პროცესს: სუნთქვას და აზოტის ციკლს. როდესაც ასეთ პაწაწინა ორგანიზმებზე ვსაუბრობთ, სუნთქვა ეს არის პროცესი, როდესაც შთაინთქმება ჟანგბადი და გამოიყოფა ნახშირორჟანგი და ამავდროულად წარმოიქმნება ენერგია, რაც ორგანიზმებს ზრდისა და ფუნქციონირებისათვის სჭირდებათ. აზოტი ყველა ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტია, მცენარეების ჩათვლით. წრებრუნვის დროს ის რამდენიმე ეტაპს გადის. მინერალიზაციის დროს აზოტი ორგანიზმებიდან ნიადაგში გამოთავისუფლდება პროცესით, რომელსაც ხრწნა ეწოდება (ნახატი 3). აზოტი ნიადაგიდან გამორეცხვის დროს იკარგება, როდესაც ნიადაგს წვიმა გამორეცხავს, ან დენიტრიფიკაციის დროს, როდესაც ნიტრატი გაზად, აზოტის ოქსიდად (NO2) გარდაიქმნება ბაქტერიების მონაწილეობით და ატმოსფეროში იკარგება.
ბუნებრივი მინდვრები აჩქარებენ ნიადაგის სუნთქვის პროცესს
თავიდან, მეცნიერები დააკვირდნენ, რომ ნიადაგის ორგანიზმებში სუნთქვის პროცესი უფრო სწრაფი იყო ბუნებრივ მინდვრებში და იქ, სადაც ბევრი ჭიაყელები იყვნენ. ჭიაყელები ნიადაგის ნაწილაკებს ერთმანეთში ურევენ და ამით სხვა ორგანიზმების აქტივობას აუმჯობესებენ. ადამიანების მსგავსად, როდესაც ნიადაგის ორგანიზმები მეტად აქტიურდებიან, მეტი საკვები ჭირდებათ და უფრო აქტიურად სუნთქავენ. როდესაც ნიადაგში ბევრი ორგანული ნივთიერებაა, იქ ბევრი აქტიური ორგანიზმიც იქნება. იმის გამო, რომ ბუნებრივი მინდვრების ნიადაგები გაცილებით მდიდარია ორგანული ნივთიერებებით, ვიდრე ის ტერიტორიები, სადაც ნიადაგი ძლიერ, ან საშუალო სიძლიერით იყო დამუშავებული, ამ ადგილებში სუნთქვითი პროცესები უფრო აქტიური იყო.
ინტენსიურად დამუშავებულ ნაკვეთებზე მეტი აზოტი შედის და გაედინება
როდესაც მეცნიერები აზოტის ციკლით დაინტერესდნენ, აღმოაჩინეს, რომ აზოტის მინერალიზაცია უფრო სწრაფად ხდება იმ კვებით ქსელებში, სადაც ბევრი ბაქტერიული ენერგეტიკული არხია (კვებითი ქსელის განმარტება იხილეთ ლექსიკონში). ბაქტერიები ხშირად ძალიან მრავლადაა ძლიერ დამუშავებულ მიწებში, სადაც ისინი სწრაფად მრავლდებიან და იხოცებიან, კვდომის დროს კი ქსოვილებიდან აზოტს გამოათავისუფლებენ ნიადაგში.
როდესაც ნიადაგში გამოთავისუფლებული მინერალური აზოტის რაოდენობა გაზომეს, მეცნიერები დაინტერესდნენ, თუ რა გავლენა ჰქონდა მიწის მოხმარებას და სად მიდიოდა ეს გამოთავისუფლებული აზოტი. მათ აღმოაჩინეს, რომ იქ, სადაც მიწის ძლიერი დამუშავება ხდებოდა და სადაც მრავლად იყო არბუსკულურ მიკორიზული სოკოები, ნაკლები აზოტი გაედინებოდა წყალში, რაც ნიშნავს, რომ მეტი აზოტი რჩებოდა ნიადაგში და მათი გამოყენება მცენარეებს შეეძლოთ. ფერმერებსაც სწორედ ეს უნდათ, რომ ნაკლები აზოტი გაედინოს და მეტი დარჩეს ნიადაგში მცენარეების ასათვისებლად. არბუსკულურ მიკორიზული სოკოები სოკოების სპეციალური ჯგუფია, რომლებიც მიმაგრებულნი არიან მცენარეების ფესვებზე და მცენარეებს ნივთიერებების (აზოტის ჩათვლით) ათვისებაში ეხმარებიან. ამ სოკოებს შეუძლიათ აითვისონ ნიადაგში არსებული აზოტი და ამით აირიდონ აზოტის გამორეცხვა. ასე, რომ არბუსკულურ მიკორიზული სოკოები სხვადასხვა ინტენსივობით მოხმარებულ მიწებში მინერალების გადინების შემცირების კარგი ინდიკატორები არიან.
დენიტრიფიკაციის რაოდენობის შესაფასებლად, მეცნიერებმა გაზომეს აზოტის ოქსიდის გაზის (N2O) კონცენტრაცია. მათ ნახეს, რომ N2O კონცენტრაცია დაბალი იყო იქ, სადაც ბევრი იყო შოლტიანების რაოდენობა. შოლტიანები უმარტივესი ერთუჯრედიანები არიან, რომლებიც ნიადაგში არსებულ წყალში კუდის (შოლტის) დახმარებით მოძრაობენ და ბაქტერიებით იკვებებიან. უნდა აღინიშნოს, რომ დენიტრიფიკაციის პროცესს შოლტიანები კი არ ახორციელებენ, არამედ ბაქტერიების სპეციალური ჯგუფი. ვინაიდან შოლტიანების რაოდენობა ბევრია იქ, სადაც დენიტრიფიკატორი ბაქტერიები მცირერიცხოვანია, ჩვენ შეგვიძლია შოლტიანების რაოდენობა გამოვიყენოთ სხვა პროცესების (მაგ. დენიტრიფიკაციის) და ნიადაგის ორგანიზმების (მაგ. დენიტრიფიკატორი ბაქტერიების) ინდიკატორად. იმის გაგება, თუ რა ხდება ნიადაგებში, სადაც დენიტრიფიკატორი ბაქტერიების რაოდენობა მცირეა, მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც ნიადაგიდან აზოტი N2O სახით იკარგება, ეს კლიმატის ცვლილებაზე უარყოფითად აისახება. N2O სათბური გაზია, რომელიც 314-ჯერ ძლიერია, ვიდრე CO2!
ნიადაგის ბიომრავალფეროვნების გაზრდა ინტენსიური მოხმარების გავლენის შესამცირებლად
შეკითხვა, თუ რას ნიშნავს მიწის „სწორი“ მოხმარება ბოსტნეულის და სხვა კულტურების მოსაყვანად, მუდმივი სამეცნიერო და სოციალური განხილვების საგანია. როგორ შეიძლება ვაწარმოოთ ჯანსაღი და საკმარისი რაოდენობით საკვები მილიარდობით ადამიანისთვის და ამავდროულად მინიმალურად შევცვალოთ დედამიწა? მეცნიერებმა ნახეს, რომ ნიადაგის ორგანიზმები მგრძნობიარენი არიან ადამიანის მიერ გამოწვეული გარემოს ცვლილებების მიმართ. სოფლის მეურნეობის გავლენა აისახება არა მხოლოდ ცალკეულ ორგანიზმებზე, არამედ სახეობათა ურთიერთქმედებების მთელ კომპლექსზე. ცვლილებები, რომლებიც ამ ურთიერთქმედებების ქსელზე აისახება, ზემოქმედებს ენერგიის დინებაზე მთელ ეკოსისტემაში: რომელი ნივთიერებები შენარჩუნდება, რომელი დაიკარგება, რამდენად სჭირდებათ ფერმერებს სასუქისა და პესტიციდების გამოყენება. თუკი ძლიერ ზემოქმედებას ნაკლები მიწა ჭირდება და ეს ნამდვილად დადებითი ფაქტორია, ამავდროულად მას ბევრი უარყოფითი მხარეც აქვს, რადგან ამცირებს ნიადაგის ბიომრავალფეროვნებას და ზრდის საკვები ნივთიერებების და ნახშირბადის დანაკარგს. პირიქით, მიწის ნაკლებად ინტენსიური მოხმარება ნაკლებ მოსავალს იძლევა, მაგრამ მეტად ეკო-მეგობრულია. ასე, რომ ერთ ერთი გამოსავალი ნიადაგის ბიომრავალფეროვნების აღდგენაა ინტენსიურად მოხმარებულ მიწებზე ისე, რომ ამ ადგილებს ნაკლებად დაჭირდეს სასუქისა და პესტიციდების დამატება, რაც კარგია გარემოსთვის და ამიტომ კარგია ადამიანებისთვისაც. ამიტომ, თუ გაქვთ საშუალება თავად მოიყვანოთ ბოსტნეული, ამით გარემოსაც დაიცავთ, ვინაიდან ამ ბოსტნეულს თქვენ არა ინტენსიური აგრარული აქტივობებით მოიყვანთ. თუ საკუთარი საკვების წარმოების საშუალება არ გაქვთ, მაინც შეგიძლიათ გარემოს დაცვა იმით, რომ ის საკვები ბოსტნეული და სხვა კულტურები შეიძინოთ, რომლებიც არაა წარმოებული ინტენსიურ ფერმებზე. პატარ-პატარა ნაბიჯებით გავაჯანსაღოთ ჩვენი პლანეტა.
ლექსიკონი
ნიადაგის ორგანიზმები
სიცოცხლის ყველა ფორმა, რომელიც მიწაში გვხვდება. ის მოიცავს ერთუჯრედიან ბაქტერიასაც და მრავალუჯრედიან ჭიაყელებს, პროტოზოებს, ნემატოდებს და ტკიპებს
ნიადაგის კვებითი ქსელი
ნიადაგის ორგანიზმების კვებითი ურთიერთობების ქსელი. ეს ურთიერთობები სამი ძირითადი რესურსიდან იწყება (ფესვები, ბაქტერიები, სოკოები) და კვებით ჯაჭვებს ქმნიან.
მოხვნა
ნიადაგის ამობრუნება ტრაქტორით ან დაბარვით. მოხვნის დროს სარეველები მიწაში ჩაიხვნება და კულტურული მცენარეების ფესვებს უადვილდებათ ნიადაგში გაზრდა.
ეკოსისტემების მომსახურება
ის მნიშვნელოვანი საქმიანობა, რასაც გარემო ეწევა ადამიანისთვის. ნიადაგის ეკოსისტემებში ამის მაგალითებია ნივთიერებების წრებრუნვა, წყლის შენარჩუნება და გადინება და ორგანული ნივთიერებების შერევა.
მიწის მოხმარება
თუ როგორ ხდება ბუნებრივი ტერიტორიის მართვა და შეცვლა. მოცემულ ტექსტში ამის მაგალითებია მიწის ინტენსიური მოხმარება, ექსტენსიური მოხმარება და ბუნებრივი ტერიტორიები
ორიგინალი სტატია
de Vries, F. T., Thébault, E., Liiri, M., Birkhofer, K., Tsiafouli, M. A., Bjørnlund, L., et al. 2013. Soil food web properties explain ecosystem services across European land use systems. Proc. Natl. Acad. Sci. U.S.A. 110:14296–301. doi: 10.1073/pnas.1305198110
გამოყენებული ლიტერატურა
[1] de Vries, F. T., Thébault, E., Liiri, M., Birkhofer, K., Tsiafouli, M. A., Bjørnlund, L., et al. 2013. Soil food web properties explain ecosystem services across European land use systems. Proc. Natl. Acad. Sci. U.S.A. 110:14296–301. doi: 10.1073/pnas.1305198110
[2] Tsiafouli, M. A., Thébault, E., Sgardelis, S. P., de Ruiter, P. C., van der Putten, W. H., Birkhofer, K., et al. 2015. Intensive agriculture reduces soil biodiversity across Europe. Glob. Change Biol. 21:973–85. doi: 10.1111/gcb.12752
რედაქტორი: Hines J and De Vries F (2020) Dirt Is Not Dead: How Land Use Affects the Living Soil. Front. Young Minds. 8:549486. doi: 10.3389/frym.2020.549486
რედაქტორი: მალტე იოხუმი, გერმანიის ინტეგრატიული ბიომრავალფეროვნების კვლევების ცენტრი (iDiv), გერმანია
სამეცნიერო მენტორი: სალზა პალპურინა
ინტერესთა კონფლიქტი: ავტორები აცხადებენ რომ კვლევა ჩატარდა კომერციული ან ფინანსური კავშირების გარეშე, რასაც შეეძლო პოტენციურად გამოეწვია რაიმე სახის ინტერესთა
კონფლიქტი.საავტორო უფლებები © 2020 Hines and De Vries. This is an open-access article distributed under the terms of the Creative Commons Attribution License (CC BY). The use, distribution or reproduction in other forums is permitted, provided the original author(s) and the copyright owner(s) are credited and that the original publication in this journal is cited, in accordance with accepted academic practice. No use, distribution or reproduction is permitted which does not comply with these terms.
ახალგაზრდა რედაქტორი
კონსტანტინე, ასაკი: 14
გამარჯობა. მე კონსტანტინე ვარ. თქვენს გვერდით მცხოვრები ახალგაზრდა გონება! მე ბულგარეთიდან ვარ, რუსეში ვცხოვრობ. პატარაობიდან მაინტერესებდა რისთვისაა საჭირო ნარჩენების გადამუშავება და მსგავსი რაღაცეები. ახლა, როდესაც მოზარდი ვარ, სერიოზულად დავინტერესდი ეკოლოგიით და გადავწყვიტე ზოგი ისეთი ეკოლოგიური პრობლემის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში წვლილის შეტანა, როგორებიცაა ჰაერის დაბინძურება, სახეობების გადაშენება და ტყის გაჩეხვა. თუკი მე, რიგით მოსწავლეს შემიძლია რაღაცის შეცვლა, შენც შეძლებ! ჰოდა რაღას ელოდები ჩემო პატარა მკითხველო!
ავტორები
იეს ჰაინსი
იესი გერმანიის ინტეგრაციული ბიომრავალფეროვნების ცენტრის (iDiv) ეკოლოგია. მისი კვლევები ეხება ბიომრავალფეროვნების რეაგირებას გარემოს ცვლილებების მიმართ. მას ასევე აინტერესებს კომპლექსური სისტემების განვითარება და სახეობების გავლენა ეკოსისტემებში საკვები ნივთიერებების, ენერგიის და ინფორმაციის მიმოცვლაზე,* jessica.hines@idiv.de
ფრანჩესკა ტ. დე ვრისი
ფრანჩესკა ტ. დე ვრისი ამსტერდამის უნივერსიტეტის პროფესორია. მისი კვლევები ეხება მცენარეებსა და ნიადაგის მიკრობებს შორის ურთიერთობებს, მიკრობების რეაგირებას კლიმატის ცვლილებაზე და ყოველივე ამის გავლენას ეკოსისტემების ფუნქციონირებაზე
მთარგმნელი
მაკა მურვანიძე
დაფინანსება (თარგმანი)
ნიადაგის ბიომრავალფეროვნების მთარგმნელთა ჯგუფი მადლობას უხდის გერმანიის ინტეგრაციული ბიომრავალფეროვნების კვლევის ცენტრს (iDiv) ჰალე-იენა-ლაიფციგში, რომელიც ფინანსდება გერმანიის კვლევების ფონდის მიერ (DFG FZT 118, 202548816).
CITATION (TRANSLATION)
This is an open-access article distributed under the terms of the Creative Commons Attribution License (CC-BY 4.0). The use, distribution or reproduction in other forums is permitted, provided the original author(s) and the copyright owner(s) are credited and that the original publication in this journal is cited, in accordance with accepted academic practice. No use, distribution or reproduction is permitted which does not comply with these terms.
Recommended citation format: Hines J and De Vries F (2025) Dirt Is Not Dead: How Land Use Affects the Living Soil (Georgian translation: Maka Murvanidze). Translating Soil Biodiversity & Front. Young Minds. Originally published in 2020, doi: 10.3389/frym.2020.549486